12 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა, თემატური მოკვლევის მიზნით, გასვლითი სხდომა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

 კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის განცხადებით,  მოკვლევა მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში  არსებული მდგომარეობის შესწავლას ითვალისწინებს და მისი მიზანი ამ სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზება და სიახლეების დანერგვაა.   

 დარგობრივი კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს შეხვდნენ. თემატური მოკვლევის მიზნები და ამოცანები შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ გააცნო. კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები.

 დღესვე, კანონმდებლებმა, მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელებთან და მწვრთნელ-პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზეც.

 თემატური მოკვლევის  დასრულების შემდეგ, კომიტეტი მოამზადებს შესაბამის დასკვნასა და რეკომენდაციებს, რომლებიც, შემდგომი რეაგირებისთვის, სათანადო უწყებებს გადაეგზავნება.