08 დეკემბერი

  აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი მიღებულია. პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

  კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი, სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 726 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან 345 მილიონია საერთო რესპუბლიკური გადასახდელების მოცულობა, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 649 100 000 ლარით განისაზღვრა.

 მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც შესაბამის პროგრამებში მეტი ბენეფიციარის ჩართვას ნიშნავს. იზრდება ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც 140 მილიონ ლარს აჭარბებს, ათეულობით სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მოსწავლეთა ტრანსპორტირების, უმაღლესი სასწავლებელების, სტუდენტთა ხელშეწყობის, უცხოეთში სწავლების, სტაჟირებისა და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს მოიცავს.

 მომავალი წლის ბიუჯეტში, მინისტრის განმარტებით, გაზრდილია ყველა მხარჯავი დაწესებულების დაფინანსება, გაგრძელდება რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

 კითხვა-პასუხის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტზე თანამოხსენებები წარმოადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - კახაბერ კირტავამ.

     

 

 

 

 

 

                 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი