ხვალ, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება. ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობიდან კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით შემოვიდა. წამყვანმა კომიტეტმა, განხილვის შემდგომ, მოამზადა შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმად, საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე განსახილველად.