აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 12 ხმით დაამტკიცა. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 572 მილიონ 651 ათასი ლარით განისაზღვრა. ცვლილებები, ძირითადად, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება: 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 48 მილიონს აჭარბებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც „DRG“ პროგრამითა და მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობითაა განპირობებული.
იზრდება ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება. შედეგად, არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდიის რაოდენობა 15-ის ნაცვლად, 25 თეთრით განისაზღვრა. მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პროგრამებზე, ქვეპროგრამებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
საბიუჯეტო ცვლილებებზე თანამოხსენება წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.