აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის - „დიალოგი 2023"-ის ფარგლებში პანელურ შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
„ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა, თვითმმართველობების დონეზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად. ხელისუფლება, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს და ეს მხარდაჭრა მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა დავით ბაციკაძემ მისასალმებელ სიტყვაში და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
ახალგაზრდების უნარების, შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა ტიტე აროშიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება-გაძლიერების, სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობა აუცილებელია.
პანელური შეხვედრა, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს.
ფორუმი - „დიალოგი 2023“, რომელიც 25 ქართველ და 25 უცხოელ ახალგაზრდას აერთიანებს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, მესამედ გაიმართა.