უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 99 მილიონ 799 ათასი ლარით იზრდება და 700 მილიონზე მეტი იქნება.
შესაბამისი მოხსენება, კანონმდებლებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის მატება განაპირობა ორმა ძირითადმა კომპონენტმა - დასაქმებულთა რაოდენობისა და სახელფასო სალდოების ზრდამ. მინისტრმა ისაუბრა: ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე, მაღალმთიან აჭარაში, ტურისტული ლოკაციების და შესაბამისი ინფარსტრუქტურის მოწყობასა და სხვა სიახლეებზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.
დღესვე, კომიტეტის წევრებმა, განიხილეს და უახლოესი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად ჩათვალეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონპროექტს. საკითხი, სხდომაზე, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის/დანიშვნაზე თანხმობის მიცემის ფარული კენჭისყრის ფორმის ღია კენჭისყრით შეცვლა.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი. კანონპროექტი - ,,ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის შესახებ, კომიტეტის წევრებს ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით ცვლილების მიზანია - საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ზემოაღნიშნული საკითხი.