საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის მილოცვით დაიწყო, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ამავე კომიტეტის სხდომა, რომელზეც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.
კანონის პროექტის შესახებ მოხსენება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 16.57%-ით იზრდება და საერთო მოცულობა 700 მილიონს აჭარბებს. ზრდა გამოწვეულია ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით - დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმებულთა სახელფასო სალდოების მატებით.
მომხსენებელმა ისაუბრა ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პროგრამებსა და დაგეგმილ სიახლეებზე. მოხსენების შემდეგ, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე, აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, სამი კვარტლის მონაცემებით, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 98%-ით, შემოსავლები კი 108%-ით შესრულდა.
კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.