10 ნოემბერი

 „პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე  ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია. ეს არის კარგი, ზოგადად ქვეყნისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რისკენაც მივდიოდით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, განაცხადის შეტანიდან, დღემდე. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ კომიტეტის სხდომაზე,  რომელზეც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ კანონპროექტი და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება განიხილეს.

 კანონმდებლებს,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ კანონპროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონის ბიუჯეტმა პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიარდიან ნიშნულს და 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

 მისივე აღნიშვნით, იზრდება, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტი, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა, რომელიც 241 მილიონ ლარი იქნება. გათვალისწინებულია ისეთი მსხვილი პროექტების, პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა: სოციალური სახლების, „ოცნების ქალაქის“, გზების, სკოლების, სპორტული მოედნების მშენებლობა, პედაგოგებისა და სტუდენტების მხარდაჭერა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარება, გაზიფიკაცია და სხვა.

 თანამომხსენებლის - ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით იზრდება და ჯამში  51 მილიონს აჭარბებს. აქედან, მნიშვნელოვანი ნაწილი - 25 მილიონზე მეტი, გათვალისწინებულია ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებისთვის. იზრდება - ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, უშვილობის, გულის ქირურგიის, მედიკამენტოზური მკურნალობის, პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება. მატულობს სოციალური პროგრამების ბიუჯეტიც.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

 დღესვე, კანონმდებლემა მოისმინეს და ცნობად მიიღეს აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების  მიმოხილვა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი