აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის ორ კანდიდატს - გიორგი კოხრეიძესა და თამილა დოლიძეს წარუდგენს.
გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 30 ოქტომბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
როგორც ცნობილია, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგი 7 კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ემზარ პაქსაძე, თამარ წილოსანი, თამილა დოლიძე, მარინა გიორგაძე, ნატო ასათიანი, ფირუზ ბოლქვაძე. გამარჯვებულმა ორმა კანდიდატმა პლენარულ სხდომაზე, ღია კენჭისყრის შედეგად, 14-14 ხმა მიიღო (ერთი წინააღმდეგი).
აჭარის უმაღლესი საბჭო, შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს, კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში, დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრის დაწყებამდე, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა.