„ტრადიციად დამკვიდრდა, რომ აგრარულ ფორუმზე ყოველწლიურად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარულ შესაძლებლობებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. ფერმერებისგან, ბიზნესმენებისა და სპეციალისტებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რაც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ სწორი პოლიტიკა აგრარული სექტორის განვითარებისთვის - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბათუმში, აგრარული ფორუმის გახსნისას.
ღონისძიება -„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ , რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბიზნესფორუმს, აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენას აერთიანებს.
ფორუმის მიზანია რეგიონის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის საინვესტიციო, საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი აგრომეწარმეების დაკავშირება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება.
ღონისძიებას აგრარულ სექტორში ჩართული კომპანიები, ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციები, სავაჭრო - სამრეწველო პალატები, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და აჭარის აგრარული პოტენციალით დაინტერესებული კომპანიები ესწრებიან.