28 სექტემბერი

  ბათუმი მსოფლიო ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ - World Travel Awards-ის დაჯილდოებას მასპინძლობს. გალაცერემონიამდე, ერთი დღით ადრე, გაიმართა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ - თინათინ ზოიძემ და World Travel Awards-ის ვიცე-პრეზიდენტმა - საიონ რაფსონმა გახსნეს.

 World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიების მასპინძლობის პატივი ბათუმს 2019 წელს, „ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების“ მსოფლიო ტურიზმის ოსკართან ერთად ერგო. 29 სექტემბერს დასახელდება ის ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები, რომლებიც მიიღებენ პრესტიჟულ ჯილდოებს.

 ნომინაციებში, წელს, ქალაქი  ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და ბულვარია წარდგენილი. „ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის“ ნომინაციაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღი მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ცნობილი  ევროპული ქვეყნების ბაღებს უწევს კონკურენციას.

  ღონისძიებებს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა (მათ შორის Euronews, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ი) და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.