“მჯერა, დღევანდელი დღე იქნება ერთგვარი სიმბოლო კიდევ უფრო მეტი წარმატების, აღმავლობისა და ძლიერების“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ხელვაჩაურში გამართულ სახალხო ზეიმზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საიუბილეო, 55-ე წლისთავს მიეძღვნა.
გონიოს ციხესიმაგრეში გამართული ღონისძიების - „ხელვაჩაურის დღეების“ მონაწილეებს, სტუმრებს მიესალმნენ და ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო ხელვაჩაურელები.
სახალხო ზეიმზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენა, (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრები, გაცნობოდნენ ისტორიულ მასალებს.
საიუბილეო ღონისძიება საზეიმო კონცერტით, ფრანების გაშვებითა და ფოიერვერკით დასრულდა.