15 სექტემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პროგრამების საჯარო განხილვაში მონაწილეობდა.

  შესაბამისი ინფორმაცია, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 1 513 903 ლარით იზრდება და 31 მილიონს აჭარბებს.

  მარინე გვიანიძის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კვლავ პრიორიტეტულია: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა-გაძლიერება, მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.

  პროექტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და სოფლად მეწარმეობის განვითარებას, ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავებას, ციტრუსის სუბსიდირებას, ლაბორატორიული კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის შესაბამისი კვლევების (ტესტირების) გაგრძელებას და რიგ სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს ითვალისწინებს.