„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინებით კიდევ 100 ოჯახი დაკმაყოფილდა. საცხოვრებელი ფართების მფლობელებს ახალმოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ 100 ოჯახს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები და გადაეცა კეთილმოწყობილი ბინები. თანამედროვე ტიპის 5-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად შენდება. საწყის ეტაპზე 80-მა ოჯახმა უკვე იზეიმა ახალმოსახლეობა. პროგრამა გრძელდება და უახლოეს მომავალში, საკუთარი ჭერი კიდევ არაერთ ოჯახს ექნება“, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
ქალაქ ბათუმის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი ბინებით, ამ დროისთვის, 180 ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, უახლოეს 2 წელიწადში დაგეგმილია ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 ათასამდე ოჯახის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.