2023 წლის 5-7 სექტემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი 2023“ და „ღია პარლამენტის დღე - 2023“, რომლებშიც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი - ზურაბ ჭურკვეიძე მონაწილეობდა.
ღია პარლამენტის ელექტრონული ქსელის (OPeN), ესტონეთის პარლამენტისა (Riigikogu) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ ორგანიზებულ სამიტში - სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„2020 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჩაერთო ღია მმართველობის ინიციატივაში და წამოიწყო ინსტიტუციური ღიაობის რეფორმა. ღია მმართველობის დანერგვის მიზანია ინსტიტუციური ეფექტურობის გაძლიერება, ღიაობის პრინციპების დანერგვა, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. ამ მიზნების მისაღწევად, შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელმაც სამოქალაქო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დაამტკიცა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. ტალინის სამიტი, ჩვენთვის, კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გავცნობოდით ღია მმართველობის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ საუკეთესო მოდელებს, გამოცდილებასა და სიახლეებს,“- აღნიშნა ზურაბ ჭურკვეიძემ.
რამდენიმე პანელურ სესიად მიმდინარე სამიტზე ყურადღება გამახვილდა ციფრულ ეპოქაში უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ღია მმართველობის ხელშეწყობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ეფექტიან მონაწილეობაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.