აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2022 -2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, მოხსენებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი წარსდგა.
მისი განცხადებით, სააგენტოს შარშანდელი ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აჭარბებდა და პროგრამულ სამუშაოებს, ძეგლების რეაბილიტაციას, პოპულარიზაციას, მარკეტინგულ მხარდაჭერასა და არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას ითვალისწინებდა. ზაურ ახვლედიანმა, ასევე ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, სიახლეებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები.
წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.
„მოსწავლეთა მასობრივ სპორტში ჩართულობის შესახებ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლაზე“ ახალი თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ ისაუბრა. მოკვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიღებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
რაც შეეხება „აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით“ ჩატარებულ წინა მოკვლევას, როგორც დავით ბაციკაძემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს პროგრამული სახე მიეცა და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ამოქმედდება.