„დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ, ნუ შეჩერდებით“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 2022 წელს კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოებისას. დავით გაბაიძემ და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოები გადასცეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, თვითმმართველობების, რესურსცენტრებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 147 მოსწავლე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
2022 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში - „კონკურსები და ოლიმპიადები“, დაახლოებით 15 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა: სახვითი ხელოვნების კონკურსი, ლიტერატურული მარათონი, სპორტული შეჯიბრი, კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ასევე, საგნობრივი ოლიმპიადა ექვს საგანში.