„თემატური მოკვლევები ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს, როცა ეს ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, ბათუმში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
ღონისძიება, რომელიც პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ გახსნა, საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის „UK aid-ის“ ხელშეწყობით დაწყებულ თემატურ მოკვლევას - „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ დაეთმო.
როგორც აღინიშნა, თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლით შეხვედრებზე, რომლებზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები განიხილება, უკვე გაიმართა, იმერეთსა და სამეგრელოში. რაც შეეხება აჭარას, ღონისძიებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, დარგობრივი კომიტეტის აპარატის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, შესაბამისი უწყებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.