აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ცოტნე ანანიძემ და ილია ვერძაძემ " მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის" საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ნიდერლანდების სამეფოდან - სესილია ჯოანა ვან პესკის უმასპინძლეს.
საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის მეშვეობით ჩაინიშნა, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, საკანონმდებლო მექანიზმებსა და საერთაშორისო კონვენციებზე, ასევე ამ მიმართულებით რეგიონში მიმდინარე საქმიანობასა და სიახლეებზე.
სტუმარი, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება, უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის პრინციპებს, უფლებამოსილებებს, ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის სერვისებს გაეცნო, დაათვალიერა შენობა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.
„ჩემთვის, როგორც დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერისათვის, სასიამოვნო იყო გავცნობოდი სიახლეებს, რომლებიც განხორციელდა და დაინერგა აჭარის უმაღლეს საბჭოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულებებია“, - აღნიშნა სესილია ჯოანა ვან პესკიმ.