წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა - სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლის - კობა ადეიშვილის ხსოვნას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
დღის წესრიგის პირველი საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებითაა განპირობებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგლამენტის პროექტი კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა განხილვის ვადები.
ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებითაც. კანონის პროექტი დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს და მიიღეს უმაღლესი საბჭოს 2023 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება, რომელიც კანონმდებლებს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ გააცნო.