14 აგვისტო

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის, აშდოდის მერს - იეჰილ ლასრის შეხვდა. 

    შეხვედრაზე, რომელსაც აშდოდის ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ქალაქის ყოფილი მერი, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ, საქართველო-ისრაელის და ისრაელი-საქართველოს პარლამენტთან არსებული მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა - გივი მიქანაძემ და დავიდ ბიტანმა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

     დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აშდოდის პორტი და შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს. საუბარი შეეხო საპორტო ინფრასტრუქტურის, საზღვაო გადაზიდვების სფეროში ინოვაციების დანერგვის, არსებული გამოწვევებისა და გარემოს დაცვის საკითხებს.

    ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის (Haim Katz), სოფლის მეურნეობის (Avi Dichter), თავდაცვისა (Yoav Galant) და საგარეო საქმეთა (Eli Cohen) მინისტრებთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ს (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ხელმძღვანელობასთან. ყურადღება გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ორმხრივი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის განახლებაზე, ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზების, ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

     ქართული დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, მიიღო და დალოცა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის მოკითხვა გადასცა და წმინდა მიწაზე ქართული დელეგაციის შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

    

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი