აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ისრაელში იმყოფებოდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ქნესეთის თავმჯდომარესთან - ამირ ოჰანასთან, ისრაელ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან - დავიდ ბიტანთან და ისრაელის ტურიზმის მინისტრთან - ჰაიმ კაცთან.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
დელეგაცია, ასევე შეხვდა, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს - ავი დიხტერს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები, რომლებმაც ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და მეგობრობაზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს რუტენბერგის ელექტროსადგური, რომელიც აშკელონთან ახლოს, ღაზასთან მდებარეობს. შეხვედრა გაიმართა ისრაელის ელექტროკორპორაციის წარმომადგენლებთან - ყურადღება გამახვილდა რუტენბერგის ელექტროსადგურის როლსა და ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.