„მილიარდიანი ბიუჯეტი უკვე აღარ არის შორეული პერსპექტივა. რეგიონში სტაბილური ეკონომიკური და ბიზნესგარემოს არსებობა ამის საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილების განხილვისას.
პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.
ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტი 65 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 600 მილიონს აჭარბებს. ამასთან, ცვლილებები რეგიონში არსებულმა სტაბილურმა ეკონომიკურმა და ბიზნესგარემომ, შემოსავლების ზრდამ, ტურიზმისა და სხვა საბიუჯეტო პარამეტრების დადებითმა დინამიკამ განაპირობა.
მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების პარალელურად, იზრდება ყველა მხარჯავი ორგანიზაციის, სტუდენტების დაფინანსება, სპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტი, დაიწყება ახალი საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები და სხვა. 32 მილიონით იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა, საგრძნობლად მზარდია ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების დაფინანსებაც. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მაქსიმალურადაა მორგებული მოსახლეობის ინტერესებსა და დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაზე.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, 12 ხმით, დამტკიცდა.