„აჭარის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით არსებული პროგრამების დაფინანსება, რაც უფრო მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტები“ - აღნიშნა ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანის ცვლილების პროექტის განხილვისას.
საკითხი კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა - ისაუბრა ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, პრიორიტეტებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდაზე. მისი თქმით, ცვლილების შემდეგ სრულად დაფინანსდება - თვალის ბადურის დაავადებების მკურნალობა, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმის, ფსორიოზული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების ღირებულება, ონკოლოგიურ დაავადებათა სამედიცინო მომსახურება და სხვა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის შეფასებით - მიმდინარე წლის ბიუჯეტი და მასში დაგეგმილი ცვლილებები ორიენტირებულია მოსახლეობის ინტერესებზე, საჭიროებებსა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
დღესვე, კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცია -აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტებმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი უახლოესი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს.