„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე, პროექტებსა და სიახლეებზე მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.
ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტში ცვლილებები განპირობებულია რეგიონში სტაბილური ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს არსებობით, შემოსავლების ზრდით, ტურისტული სექტორის მზარდი პოტენციალითა და რიგი სხვა საბიუჯეტო პარამეტრების დადებითი დინამიკით. ცვლილების პროექტით, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და მნიშვნელოვანი პროექტების პარალელურად, იზრედბა სტუდენტების დაფინანსება, სპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტი, დაიწყება ახალი საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების სამშნებლო სამუშაოები და სხვა.
მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობის ზრდაზე, ახალი ტურისტული მარშრუტების მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ.
მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კომიტეტების წევრთა შეკითხვებს და მოისმინა მოსაზრებები.
კანონმდებლებმა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უახლოესი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს.