25 ივლისი

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება და პირველად გადააჭარბებს 600 მილიონ ლარს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული განხილვის პროცედურები იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშზე.

ორივე საკითხი კანონმდებლებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

დღესვე, ბიუროს წევრებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 2023 წლის 4-8 ივლისს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში წარუდგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტარებთან და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა -საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებსა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში ევროსტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით რეგიონების ჩართულობის როლზე.

ბიურომ ანგარიში ცნობად მიიღო.