ბათუმი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) 2023 წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას, უძრავი ქონებისა და ტურიზმის ფორუმს - “Batumi Real Estate 2023” მასპინძლობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, ღონისძიების გახსნას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ბათუმში, დღეს, მართლაც მნიშვნელოვანი ფორუმი გაიხსნა, რომელშიც უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელი კომპანიები მონაწილეობენ. ჩვენთვის საამაყოა, რომ FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი და დაჯილდოებულთა შორისაა ბათუმის „დინამოს“ სტადიონი“, - აღნიშნა მარინე გვიანიძემ.
„FIABCI-Georgia“ და „Property Georgia-ს“ მიერ ორგანიზებული ფორუმი, რომლის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი - ლიკა ქარდავა და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ პანელურ დისკუსიას, უძრავი ქონების მართვის უახლეს მიდგომებს, გამარჯვებული კომპანიების წარდგენას დაეთმობა.
როგორც ღონისძიების გახსნაზე აღინიშნა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე არჩეულია უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) ბორდის საპატიო წევრად.
„FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ის“ შემდეგი, რიგით მეორე ეროვნული დაჯილდოება 2024 წელს გაიმართება. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო უძრავი ქონების სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.