აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას. შევეხეთ, უმაღლეს საბჭოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, აგრეთვე ამ პროცესში რეგიონების ადგილსა და როლს,“ -აღნიშნა დავით გაბაიძემ.
ევროკომისარ - იოჰანეს ჰანის შეფასებით, საქართველომ დაამტკიცა რომ ევროპული პერსპექტივისა და ღირებულებების ერთგულია და მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა.
დავით გაბაიძე, ბრიუსელში, აჭარის დელეგაციასთან ერთად, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ხელმძღვანელის - ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპის რეგიონთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.