„საამაყოა, რომ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნაში, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩვენს მიერ ინიცირებულმა კანონებმა, ისტორიულ ხეობასა და მის მცხოვრებლებს, ახალი პერსპექტივები გაუჩინა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დავით გაბაიძე მაჭახელას ხეობაში, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები “ეთნო სოფლის“ მასტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ, დაათვალიერეს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო სივრცე, ეთნოგრაფიული მუზეუმი და დაესწრნენ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას, მოინახულეს ტურისტული ლოკაციები.