„საინტერესო, შთამბეჭდავი და ყოვლისმომცველი“, - ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანგარიში. თინათინ ზოიძე, კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშითა და მიმდინარე ტურისტული სეზონის შესახებ ინფორმაციით წარსდგა.
მომხსენებლის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა რეგიონში უპრეცედენტოა პოსტპანდემიური და გლობალური გამოწვევების ფონზე. პრიორიტეტების, შესაბამისი სერვისების, პროდუქტების, ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, თინათინ ზოიძემ, საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.
სხდომაზე მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, რომელიც ამ ეტაპზე, „ტურიზმის შესახებ“ კანონის ახალ პროექტზე იმუშავებს. 12-წევრიან საბჭოში, კომიტეტის წევრებთან ერთად, ტურიზმის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები ერთიანდებიან.
კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულება და მისი შემადგენლობა. სხდომის დასრულების შემდეგ, გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ამავე საბჭოს თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.