აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, შშმ პირთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელი, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ - ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საიუბილეო ღონისძიებაზე გადასცეს.
“აჭარის უმაღლესი საბჭო, შშმ პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სანიმუშო მოდელად იქცა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც. ადაპტირებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში შშმ პირთა სრულფასოვან მონაწილეობას. იმედი გვაქვს, უმაღლესი საბჭოს გამოცდილებას სხვა უწყებებიც გაიზიარებენ,“- განაცხადა „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თომა კაკაბაძემ ორგანიზაციის დაარსების 10 წლის იუბილეზე.
„ეს მადლობა ერთგვარი ავანსია ჩვენი უწყებისთვის. ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი გარემოსა და სერვისების შექმნა, ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა უმაღლესი საბჭოსთვის. ვეცდებით სხვებისთვისაც ვიყოთ სამაგალითოები“,- განაცხადა დავით გაბაიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, აქტიური თანამშრომლობისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებლებს უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელი“ გადასცა.
საიუბილეო ღონისძიებაზე, ორგანიზაციის მიერ 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეჯამდა და შშმ პირთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისათვის რეგიონის სხვადასხვა სახელისუფლებო, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.