აჭარის უმაღლეს საბჭოში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა და ექსკურსია ჩატარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გარემოს დაცვით საკითხებზე, აჭარაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წევრებისაგან - მარინე გვიანიძისა და ფრიდონ ფუტკარაძისაგან მოისმინეს.
„გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის”(UNEP) წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღის თემაა - ადამიანის კავშირი ბუნებასთან. ჩვენი გონივრული ქმედებები განაპირობებს გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებას, “- აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ.
ახალგაზრდებთან შეხვედრისას, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ გარემოს დაცვითი კანონმდებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შესახებ კანონზე ისაუბრა, რომელიც ეროვნული პარკის დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ახალგაზრდებმა საინფორმაციო შეხვედრა-ექსკურსია უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის მეშვეობით ჩანიშნეს.