„მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ქვეყნისა და რეგიონის მთავარი საფინანსო კანონის ფორმირების საკითხებით ინტერესდებიან,“- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
„დეპუტატის საათის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, უმაღლესი საბჭოს წევრმა ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ბიუჯეტის ფორმირების, საბიუჯეტო მოწყობისა და პროცედურების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, ასევე საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობ სერვისებსა და სიახლეებზე, კერძოდ, ახალ ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ზე. ახალი ონლაინპლატფორმა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ჩანიშნონ შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრებთან, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ კანონის პროექტზე, შემოიტანონ პეტიცია, დაესწრონ სხდომას და ა.შ.
ტიტე აროშიძე აღნიშნულ ფორმატში ახალგაზრდებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს.