26 მაისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„DRG პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული დაფინანსების მოდელია, რომლის დანერგვა პაციენტს დამატებით ხარჯებს აარიდებს და მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული თანაგადახდის წილის დაფარვა მოუწევს“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ სამუშაო შეხვედრის გახსნისას.
უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე, ინფორმაცია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან, ასევე ამ მოდელის აჭარაში დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - ილია ღუდუშაურმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრა, რომელსაც აჭარაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ შეაჯამა.