ილია ვერძაძე, რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, საქართველოს პარლამენტის „მადლობის სიგელით“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვა. სიგელი, საკანონმდებლო ორგანოს წევრს, აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე გადაეცა.
„აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ ქმედებებს მეტი შედეგი მოაქვს. მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ეფექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონში, 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.
შეხვედრას პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია, აჭარის დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრა, აჭარის უმაღლეს საბჭოში, 25 და 26 მაისსაც გაიმართება.