„შუახევსა და ტშებნიცას შორის თანამშრომლობა გაგრძელებაა იმ ურთიერთობებისა, რომლებიც აჭარასა და ქვემო სილეზიას უკვე წლებია მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, შუახევში, ორი მეგობარი რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ასეთი პარტნიორული ურთიერთობები არ რჩება მხოლოდ ფურცელზე და აქვს ხელშესახები შედეგები განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც შუახევისა და ტშებნიცას მუნიციპალიტეტების მერებმა - ომარ ტაკიძემ და მალგოჟატა მატუსიაკმა მოაწერეს ხელი, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების დაგეგმარება-განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დელეგაციის წევრებმა და შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და ქართველი გმირების პატივსაცემად სიმბოლურად დარგეს ხეები. შუახევისა და ტშებნიცას მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების დაწყების ნიშნად, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.