აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიაჩნია. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა მორიგ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
ანგარიში სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონის მთავარი საფინანსო კანონის შესრულების პარამეტრებთან ერთად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს, რომელთა ნაწილი ახალ სამუშაო ადგილებს, ე.წ. „ოცნების ქალაქის“, მუნიციპალიტეტებში სოციალური სახლების მშენებლობასა და სხვა საკითხებს შეეხებოდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სხდომაზე, ასევე მიმოიხილა 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუროს წარედგინება.
კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება - აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე.