18 მაისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენით დაიწყო. ზაზა შავაძემ, „მინისტრის საათის“  ფორმატში, უწყების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა, ისაუბრა პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე, 2023 წლის ბიუჯეტით გაწერილ პროგრამებსა და სიახლეებზე. კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში, ცნობად მიიღეს.

  სხდომაზე, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, ასევე საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამავე კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებას მოიცავს.

  კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დამოუკიდებელი დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ ინიცირებულ რეგლამენტის პროექტსა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის მიერ გამოტანილ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ.

  ერთხმად დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს წევრის - მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი  რეგლამენტის პროექტი, რის შემდეგაც კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების ანგარიშები, რომლებიც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, გაკეთდა განცხადებები: კანონმდებლებმა პარტნიორი, დონორი ორგანიზაციებისა და აპარატის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს შენობის სრული ადაპტირებისთვის გაწეული საქმიანობისთვის.

  სხდომაზე განცხადება გააკეთა ოპოზიციური ფრაქციის წევრმა - მედეა ვასაძემ, რომელიც კოლეგების ბოიკოტს შეუერთდა და დარბაზი დატოვა.

  პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც დასწრება ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ის მეშვეობით ჩანიშნეს.