აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა საბიუჯეტო საკითხებს დაეთმო და მას ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ.
აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და 2023 წლის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კანონმდებლებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან მოისმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
მომხსენებლის განცხადებით, როგორც შარშან, ისე წელს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც შემოსავლების მაჩვენებლებზეც აისახა. მინისტრის განცხადებით, რეგიონში არ შეჩერებულა არც ერთი პროექტი, მათი ნაწილი დასრულდა, ნაწილზე მუშაობა კი გრძელდება ან დასრულების სტადიაშია.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტებმა ცნობად მიიღეს მინისტრის მიერ წარმოდგენილი ორივე ანგარიში.