„ფრიდონ ხალვაში თავისი ცხოვრებით, პოეზიით უდავოდ იმსახურებდა იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ახლა უკვე თაობებს გადაეცემა,“ - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ სახელოვანი პოეტის - ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე.
ფრიდონ ხალვაშს დღეს 98 წელი შეუსრულდებოდა. გამორჩეული ხელწერის პოეტი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის, სხვა არაერთი პრემიის ლაურეატი და 50-მდე წიგნის ავტორი.
პოეტის ბიუსტი, რომლის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა, ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლის მოპირდაპირედ განთავსდა. მისი გახსნის ღონისძიება, სიმბოლურად, პოეტის დაბადების დღეზე - „ფრიდონობაზე“ გაიმართა და მას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოების წარმომადგენლები და პოეტის ახლობლები ესწრებოდნენ.