აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - ლადო მგალობლიშვილი და ცოტნე ანანიძე უძღვებოდნენ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლებს 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა.
მომხსენებლის განცხადებით, საანგარიშო წელი საკმაოდ წარმატებული იყო და გამოირჩეოდა ეკონომიკური, უცხოური ინვესტიციების, ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენციით, რაც საბიუჯეტო მაჩვენებლებზეც აისახა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, ასევე, მიმდინარე და გარდამავალ პროექტებზე.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ორივე კომიტეტმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.