16 მაისი

  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველი საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა: 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩაეშვა კომიტეტებში, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  ბიურომ პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მოიცავს.
  ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის - ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ ინიცირებულ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებითაც. სხდომაზე აღნიშნული საკითხები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

  ბიურომ წამყვან კომიტეტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით განხილვის ვადები გაუხანგრძლივა. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
  ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ჩაეშვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  სხდომაზე განისაზღვრა 18 მაისის, მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ საკითხად, „მინისტრის საათის“ ფორმატში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი