„ დღეს, საქართველოს დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენი მოძმე სახელმწიფოს უახლესი ისტორიის გამორჩეულ ლიდერს - ჰეიდარ ალიევს 100 წელი შეუსრულდებოდა. უმნიშვნელოვანესია მისი ღვაწლი ორ მეზობელ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში “, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - პარვიზ ისმაილზადემ. მან ქვეყნის ისტორიაში ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამსახურებასა და იმ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომლებიც წარმატებით გრძელდება საქართველო-აზერბაიჯანს შორის.
საზეიმო მიღებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსების, ჩვენს რეგიონში მცხოვრები დიასპორებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.