„დღეს გენიალურ ქართველ პოეტს, ჩვენი კუთხის საამაყო შვილს, არაერთი პოეტური შედევრის ავტორს, ზურაბ გორგილაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მისი გამორჩეული პოეზია ეროვნული საგანძურია. სიტყვაკაზმული ლექსები, რომელიც ძირძველი ქართული დიალექტითაა გამთბარი, დღესაც აღაფრთოვანებს პოეზიის მოყვარულებს და თაობებს გადაეცემა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელიც პოეტის საფლავზე ხელისუფლების, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი და ყველა მათგანი უზომოდ შეიყვარა მკითხველმა. ზურაბ გორგილაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ზურაბ გორგილაძე 2006 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.