„შეხვედრაზე საუბარი იყო ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე, სიახლეებზე. გავეცანით ახალ სოციალურ პროგრამას, რომელიც დედათა და ორსულთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს და პირველად ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა დამხმარე ტექნოლოგიების ნაწილზე, რომლებიც შშმ პირთათვის ძალზე მნიშვნელოვანია და მისი იმპლემენტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრიორიტეტების საჯარო განხილვისას.
უწყებამ 2024 წლის პრიორიტეტები სამედიცინო და შესაბამისი სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით განიხილა. აქვე წარმოდგენილი იყო მომავალი წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი 5 მილიონამდე გაიზრდება და 38 160 000 ლარი იქნება. ჯამში, სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 33 პროგრამას განახორციელებს.