„ბათუმში სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლებთან ერთად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების მშენებლობა. ამჯერად, ბაგრატიონის ქუჩაზე ვიმყოფებოდით ქალაქის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად, სადაც 127-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში - ტიტე აროშიძემ.
მშენებარე ობიექტზე დასრულებულია შიდა სივრცის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრო სისტემების მოწყობის სამუშაოები. 270 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 540 ათას ლარს აჭარბებს.
წელს, ქალაქის მასშტაბით, 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.