აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პოლონეთის ლუბუშის სავოევოდოს ქალაქ ზიელონა გორასა და ბათუმს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აჭარაში ოფიციალური ვიზით მყოფმა ზიელონა გორას მერმა - იანუშ კუბიცკიმ და მერის მოადგილემ - ვიოლეტა ჰარეზლაკმა საგანგებო - ოქროს მედლით დააჯილდოვეს.
უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე და ზიელონა გორას მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ლუბუშსა და აჭარას შორის საქმიანი ურთიერთობების საკითხებზე.
დავით გაბაიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენს რეგიონთან აქტიური თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ლუბუშსა და აჭარას შორის სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში კვლავაც წარმატებით განვითარდება.
შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურად მიიწვიეს ლუბუშის სავოევოდოს ტრადიციულ „ღვინის ფესტივალზე“.