„ბათუმი ქალაქზე მეტია და უპირველესად, იმ საოცარი ადამიანებით ფასობს, რომლებიც ქმნიდნენ ქვეყნისა და მისი ძირძველი კუთხის - აჭარის ისტორიას, აწმყოსა და მომავალს“, განაცხადა „ბათუმობა - 2023“ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, რომელმაც ბათუმელებს თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135-ე წლისთავი და ტრადიციული დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
საზეიმო მიღების შემდეგ, ბათუმის საზაფხულო თეატრში, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ „საპატიო ბათუმელები“.
წლევანდელი „ბათუმობა“ თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების კადრების ჩვენება, ანიმატორების წარმოდგენები გაიმართა. დღესასწაულის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.
დღესვე, ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის საარქივო სამმართველოს დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.