უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, პირველ საკითხად სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „იდეატორის“ პეტიცია განიხილეს „პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“.
საკითხი ავტორებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო განათლების პედაგოგთან - ინგა გეგეშიძესთან ერთად იმყოფებოდნენ, თავად წარმოადგინეს. სამართლებრივი შეფასებისა და განმარტებების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციის საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მოსაზრებებისთვის გადაგზავნას.
რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება, სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. კომიტეტმა პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზემოთ აღნიშნულ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. საკანონმდებლო პაკეტს უმაღლესი საბჭო გამარტივებული წესით განიხილავს.