26 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ხელმძღვანელობდა,  აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის  შესახებ ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა წარმოადგინეს.

  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები წარმატებით განხორციელდა, რომელთა ნაწილზე მუშაობა წელსაც გრძელდება.

  თანამომხსენებელმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებულ სოციალურ პროექტებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

  მინისტრებმა უპასუხეს დეპუტატების კითხვებს, რომლის შემდეგ კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

  სხდომაზე, უმაღლესი საბჭოსათვის ვებპლატფორმა - chaerte.sca.ge-ს საშუალებით წარმოდგენილი ელექტრონული პეტიცია -,,ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ (№09-02-13-ქ/696,  09.2022წ. პეტიციის ავტორი: მაია  ქათამაძე-ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი),  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა. ილია ვერძაძის განცხადებით, პეტიცია ითვალისწინებს ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი ისეთი პროგრამის/ქვეპროგრამის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს დამოუკიდებლად განახორციელონ რიგი აქტივობები და გაიუმჯობესონ კომუნიკაცია სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა თუ დასაქმების ადგილზე მყოფ პერსონალთან. კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაცია, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნება აჭარის მთავრობას.

  სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ინფორმაციები - სპინალური კუნთოვანი ატროფიის, ასევე ეპილეფსიის დიაგნოსტიკის, აჭარის რეგიონში, 0-18 წლის ასაკობრივი ჯგუფის მართვა-მონიტორინგის ქვეპროგრამების შესახებ.

  კომიტეტის გასვლით სხდომას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და  ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი